Powered By Blogger

четверг, 19 апреля 2012 г.

ბერიკაობა

http://www.myvideo.ge/?video_id=417116
ბერიკაობა, ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი).
ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული. ბერიკულ წარმოდგენებში შემონახულის განაყოფიერებისა და შვილიერების ღვთაების სადიდებელი მისტერიის გადმონაშთი (მაგ. ყვარლის რაიონის სოფ. საბუეში, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ახმეტის რაიონის სოფ. მატანში დღესაც სრულდება ოდესღაც ტახღვთაების გარდაცვალებასა და მის აღდგომა-გაცოცხლებასთან დაკავშირებული მისტერიის სცენები).
დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ბერიკების მრავალი სიუჟეტი შეიცავს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სურათებს, თავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო. საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბერიკაობა, რომელსაც ზოგჯერ 100-მდე შემსრულებელი ჰყავდა. მისი ტრადიციული ნიღბები იყვნენ:მეფე (სასიძო), კეკელა (სარძლო), მაჭანკალი, გლეხი, თავადი, თათარი, მოსამართლე, ექიმი, ხუცესი, აგრეთვე ტახი, დათვი, თხა და სხვა ცხოველები.
ბერიკები უსულო საგნებს და განყენებულ ცნებებსაც განასახიერებდნენ (მაგ., ალავერდის ტაძარი, საბძელი, ხე, უკუღმართი ცხოვრება, ავსიტყვაობა და სხვა). ისინი თამაშობდნენ ნაბადქუდა ნიღბებში, „ისხდნენ“ ტახის, დათვის, თხის, ხარის და სხვა „ტყავში“ (ბერიკოში). დიდ ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ (ქალებისა და მოზარდების ბერიკაობა ცალკე იმართებოდა). წარმოდგენა იწყებოდა მტრის მიერ სოფლის აწიოკებისა და ხარკის აკრეფის წარმოსახვით, რასაც თან ახლდა სიმღერა და საკრავიერი მუსიკა. ბერიკაობას ხელმძღვანელობდა ბერიკათწინამძღვარი. საქართველოში ცნობილი ბერიკები იყვნენ XVIII საუკუნეში ოთარ ნორიოელი და ოიანა-ბუიანა, XIX საუკუნის I ნახევარში — აბელ რევაზიშვილი. XXI საუკუნეში ბერიკები თბილისშიც გამოჩნდენ.

ასპარეზობა

    ასპარეზობა, ძველ საქართველოში ცხენოსნობა ზოგადი მნიშვნელობით, საბას განმარტებით "მოასპარეზობაჲ არს მჴედართა მიერ ანძათა ისრისა სრევა, ბურთთა ყვანჭსა ცემა, საგანთა სროლა და ეგევითარნი", მოასპარეზეს კი იგი ასპარეზობაში "წურთილს", დახელოვნებულს უწოდებს.
ასპარეზობის სახეებიდან საქართველოში გავრცელებული იყო საკუთრივ ცხენოსნობა (დგენა, დოღი, მარულა, ცხენნი, ჯირითი, თარჩია), ბურთაობა (ჩოგანბურთი, გადრი, რადი), საგანთსროლა (ყაბახი, აშფაშაგი), ჩალისობა და სხვა შეჯიბრი, რაც ცხენთან, ცხენოსნობასთან იყო დაკავშირებული. ასპარეზობა ნადირობასთან ერთად ფიზიკურ აღზრდის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. თანამედროვე გაგებით ასპარეზობა ყოველგვარი სპორტის შეჯიბრებაა.

ასკინკილა

ასკინკილა (აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში - "კინკილაობა", "სალაობა", "ლიპარიტი", სვანეთში - "კირინკაჩხვ", ან "ჭირინჭვა"), საბავშვო თამაში, ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. ზოგჯერ დაჭერობანას თამაშისას ერთი ბავშვი ასკინკილა დასდევს დანარჩენებს დასაჭერად; ზოგჯერ ორ გუნდს შორის იმართება შეჯიბრება ასკინკილათი სირბილში. თამაშობენ ასეც: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილა ხტომით, ფეხის წვერით გადააქვთ ბრტელი ქვა (სალა) ერთი უჯრედიდან ("ბოსტნიდან") მეორეში; თუ ქვა ხაზზე შერჩა, მოთამაშე "ჩაჭრილია". მოგებულად ის ითვლება, ვინც ბოლომდე "ჩაუჭრელად" გავა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამოწმებულია თამაშის სხვა ვარიანტებიც. ცნობილია აგრეთვე ასკინკილას უფრო ძველი სახეობები. ასკინკილათი ხტუნვა ხშირად გამოყენებულია სხვა ქართულ თამაშებშიც - დამარცხებულის "დასჯისას".